აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს
აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქში სროლის ხმა ისმის.

შტატის გუბერნატორმა ქალაქში წესრიგის აღდგენის მიზნით, პოლიციის დასახმარებლად, ეროვნული გვარდიის ნაწილები გამოიყვანა. მინეაპოლისში არაერთ ადგილზე მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

მინესოტას შტატის ქალაქში საპროტესტო აქციები აფრო-ამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. მამაკაცს პოლიცია აკავებდა და ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი ოფიცერი მიწაზე მყოფ ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერს. გავრცელებული ინფორმაციით, აფრო-ამერიკელმა მამაკაცმა პოლიციის ოფიცერს უთხრა, რომ სუნთქვა უჭირდა. მოგვიანებით, მამაკაცი გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ, ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ქუჩებში გამოვიდა და აქცია ძალადობრივ პროტესტში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ძარცვა და კერძო საკუთრების დარბევა დაიწყეს. მინეოპოლისში საპროტესტო აქციები უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს.