აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში - ერლინგ ჰალანდის პირველი ინტერვიუ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის რანგში #1TVSPORT
აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში - ერლინგ ჰალანდის პირველი ინტერვიუ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის რანგში #1TVSPORT

ორშაბათს, „მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე ზაფხულის მთავარი შენაძენი – ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰალანდი წარადგინა. „დორტმუნდის“ ყოფილ ფორვარდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის შემდეგაც ჰალანდმა პირველი ინტერვიუ მისცა ინგლისის ჩემპიონის ოფიციალურ ვებგვერდს.

 

– დარწმუნებული ვარ, უამრავი ვარიანტი გქონდათ. რატომ მაინც და მაინც „მანჩესტერ სიტი“?

– ჯერ ერთი მამაჩემმა იქონია მცირე გავლენა. მე ინგლისში დავიბადე. მთელი ცხოვრება „სიტის“ გულშემატკივარი ვიყავი. ბევრი რამ ვიცი ამ კლუბის შესახებ. აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში და ვფიქრობ, შევძლებ განვითარებას და მაქსიმუმის მიღებას ჩემი თამაშისგან და „სიტისგან“.

– ალბათ, „სიტის“ ბევრი თამაში გინახავთ. რას ფიქრობთ მის სტილზე და მიგაჩნიათ, რომ ის თქვენ მოგერგებათ?

– ეს ასე რომ არ იყოს, აქ არ ჩამოვიდოდი. მე მომწონს სტილი, მომწონს შემტევი ფეხბურთი, მომწონს პოზიტიური განწყობა, რომელსაც იღებს ყველა, როცა „სიტი“ თამაშობს. ვფიქრობ, ეს მართლაც კარგი ვარიანტია.

– როცა ამ სეზონში „სიტის“ თამაშებს უყურებდით, წარმოგედგინათ საკუთარი თავი გუნდში და რომელ პოზიციაზე?

– სწორედ ასე ვიქცეოდი. ყველაფერი კარგად იქნება.

– „სიტიში“ პეპი ყველას მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად მიაჩნია. თქვენი გოლების რაოდენობის მიხედვით კი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდი ხართ მსოფლიოში. გრძნობთ, რომ თქვენ და პეპი იდეალური წყვილი ხართ?

– როგორც უკვე გითხარით, მგონია, რომ შემიძლია ძალიან განვვითარდე პეპის ხელმძღვანელობით, თანაც ასეთ კლუბში. ასე რომ, ვფიქრობ შევძლებ გავხდე უკეთესი ბევრ კომპონენტში და იმედია, მოვახერხებ ბევრი გოლის გატანას.

– უკვე შეძელით პეპთან დალაპარაკება? რა გითხრათ მან და რას ელოდება თქვენგან?

– დიახ, ცოტა ხანი ველაპარაკე მას და ორივენი მოუთმენლად ველოდებით ერთობლივ მუშაობას.

– შესანიშნავი სტატისტიკა გაქვთ. 183 პროფესიულ მატჩში 135 გოლი გაიტანეთ. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ხართ, ვინც ბუნდესლიგაში 50 გოლი გაიტანა. რის ხარჯზე აკეთებთ ამას? ეს არის მენტალიტეტი, პოზიციური ძალა, ფიზიკური თვისებები?

– მე ვფიქრობ, ეს სხვადასხვა თვისების ერთობლიობაა. უპირველეს ყოვლისა კი ეს არის ფეხბურთის თამაშისგან მიღებული სიამოვნება. ძალიან მიხარია, როცა ვიგებ მატჩებს და ვიტან გოლებს. ასე რომ, ყოველთვის მინდა სიამოვნების მიღება.

– როგორც ჩანს, დიდი სცენა გიყვართ. რადგან თქვენი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ფენომენალურია. ამ ტურნირზე 14 მატჩში 20 გოლი გაიტანეთ, რაც რეკორდია. რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ ტურნირში, რომელიც ამგვარ აღმაფრენის საშუალებას გაძლევთ?

– მე ყოველთვის მომწონდა ჩემპიონთა ლიგა და ეს არის მიზეზი. ის განსაკუთრებულია და მე ეს მომწონს.

– მართალია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გარკვეული ხანი თქვენს ტელეფონზე ზარად გქონდათ დაყენებული?

– დღემდე ასეა!

– თქვენ გითამაშიათ „ეტიჰადზე“ „დორტმუნდის“ შემადგენლობაში. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება?

– ძალიან ლამაზია. მომწონს ფერი. მოუთმენლად ველოდები იქ თამაშს.

– მამათქვენი „სიტის“ კაპიტანი იყო. რა როლი ითამაშა მან თქვენს ტრანსფერში? რამდენად დაგეხმარათ გადაწყვეტილების მიღებაში?

– დიახ, რა თქმა უნდა. ის ცხოვრობდა ინგლისში, თამაშობდა ამ კლუბში. მან კარგად იცის რა არის „სიტიში“ თამაში და ამაზე არა ერთხელ გვილაპარაკია. ამ მხრივ, ამ ზაფხულს ის კარგი მამა იყო.

– თქვენ ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თქვა, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად ვარჯიშობს და ასე იქნება ყოველთვის. ოდესმე გაღიზიანებდათ ის, რომ ხედავდით სხვა ნიჭიერ მოთამაშეებს, რომლებიც დიდ ენერგიას არ ხარჯავენ მწვერვალის დასაპყრობად?

– არ ვღიზიანდები, მაგრამ ეს ასეა. მახსოვს, ბავშვობაში ჩემს გარშემო იყო ბევრი კარგი ფეხბურთელი, რომლებსაც დიდი პოტენციალი ჰქონდათ. მაგრამ ბევრმა გაფლანგა ნიჭი, რადგან არ ჰქონდათ შრომისმოყვარეობა, არ უნდოდათ ვარჯიში, ან მიაჩნდათ, რომ სწორეს ასე უნდა მოქცეულიყვნენ. ასე რომ, დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ვარჯიში, მაგრამ თან სწორი ვარჯიში. და ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება.

– მოკლე რეპ-კარიერა გქონდათ. ეს მართალია?

– დიახ, ეს ასეა. სამი კარგი მეგობარი ვიყავით. მოგვწყინდა და რეპის დაწერა გადავწყვიტეთ.