აპრილში საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა - თვის ნომინანტებში მიქაუტაძის არმოხვედრისთვის ლიგა 1-ს აკრიტიკებენ #1TVSPORT
აპრილში საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა - თვის ნომინანტებში მიქაუტაძის არმოხვედრისთვის ლიგა 1-ს აკრიტიკებენ #1TVSPORT

„გიორგი მიქაუტაძე პინგ-პონგს თამაშობს?“ – ამ რიტორიკული კითხვით გამოეხმაურა „მეცის“ გულშემატკივარი (ფსევდონიმით Class&Deuch) საფრანგეთის ლიგა1-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც გიორგი მიქაუტაძე აპრილის საუკეთესო მოთამაშეთა სამ ნომინანტში არ დაასახელა.

ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა სამი ნომინანტი – უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“ – 2 გოლი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (3 გოლი+1 ასისტი, „მარსელი“) და ალექსანდრ ლაკაზეტი (3 გოლი+1 ასისტი, „ლიონი“). ვერც ერთი მათგანის სტატისტიკა ქართველი თავდამსხმელის შედეგთან ახლოსაც ვერ მიდის.

აპრილში მიქაუტაძემ შესანიშნავი თამაში აჩვენა და „მეცის“ გადასარჩენად ბევრი გააკეთა – აუტსაიდერი გუნდის ლიდერმა ყველაზე დასახელებულ ვარსკვლავს გადაასწრო და 4 მატჩში 6 გოლი (2 დუბლი) გაიტანა, თანაც მეტოქის კარის აღება ოთხივე შეხვედრაში მოახერხა.

„ზამთარში „მეცის“ გადასარჩენად ჩამოსულმა მიქაუტაძემ წარმოუდგენელი ნახევარი სეზონი ჩაატარა“ – ეს უკვე BeFootball-ის სამართლიანი შეფასებაა, რომელმაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს და მისი სტატისტიკა გამოაქვეყნა: 20 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.