„აპოლონის“ მწვრთნელი – არ არის გამორიცხული, როტაციას მივმართოთ და სათადარიგო მოთამაშეებს მეტი დრო მივცე #1TVSPORT

13:10, 28.07.2026

გორის „დილასთან“ კონფერენსლიგის საპასუხო მატჩამდე ლიმასოლის „აპოლონის“ არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნან ლოსადამ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ქართული გუნდისგან უკეთეს თამაშს ელის.

გორში გამართულ შეხვედრაში „დილა“ 0:4 დამარცხდა და კონფერენსლიგის მესამე ეტაპზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა.

„დიდი ხანია, ველოდით, რომ ჩვენს სტადიონზე ევროტურნირის მატჩი გვეთამაშა და ეს მომენტი დადგა. გორის „დილას“ გარდა, სხვა გუნდზე არ ვისაუბრებ, რადგან ჯერ შემდეგ ეტაპზე არ გავსულვართ და მეტოქეს პატივს ვცემთ. მინდა, რომ გულშემატკივრები მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.

ველით, რომ „დილა“ უფრო კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს ანგარიში 0:0-ია. არ არის გამორიცხული, როტაციასაც მივმართოთ და სათადარიგო მოთამაშეებს მეტი დრო მივცე“.

გორის „დილა“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს „აპოლონის“ წინააღმდეგ 28 ივლისს ლიმასოლში ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი