„საბურთალოსთვის“ ევროსეზონი დასრულდა - კვიპროსელებმა უპრობლემოდ მოიგეს
„საბურთალოსთვის“ ევროსეზონი დასრულდა - კვიპროსელებმა უპრობლემოდ მოიგეს

თბილისის „საბურთალოსთვისევროსეზონი პირველივე ეტაპზე დასრულდა. საქართველოს სუპერთასის მფლობელი კვიპროსში „აპოლონს“ ესტუმრა და მეტოქეს თავიდანვე ჩამორჩა.

კვიპროსელებმა პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს – საჯარიმოს სიახლოვეს მყოფმა კვიპროსელთა ფრანგმა ლეგიონერმა ბაგალი დაბომ ძლიერესი დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია. მან 32-ე წუთზე დუბლი შეასრულა – „საბურთალოს“ დაცვის შეცდომა ამჯერადაც არ აპატია – 2:0.

კვიპროსელებმა მეტოქე არც მეორე ტაიმში დაინდეს – „საბურთალოს“ კარი მესამედ 59-ე წუთზე ნიკოლა დიგინიმ აიღო. სხვაობა 69-ე წუთზე შემცირდა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი მცველს გაცდა და მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო – 3:1.

თუმცა ქართული გუნდის იმედებს ცივი შხაპი ისევ დაბომ გადაასხა, რომელმაც 76-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. 81-ე წუთზე ამ ყველაფერს წითელი ბარათიც დაემატა – მეტოქესთან უხეშობისთვის მოედნიდან თბილისელთა მცველი ანრი ჭიჭინაძე გააძევეს. 86-ე წუთზე თბილისელთა კარი მეხუთედ იანის იანოტასმა აიღო.

საბოლოოდ, „აპოლონმა“ 5:1 მოიგო და ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

 

გუნდებმა მატჩი ასეთი შემადგენლობებით დაიწყეს:

აპოლონი: მალი, პიტასი, იუსტე, რობერგი, შალაი, იანოტასი, დენიჩი, საკეტი, მატეი, დიგენი, დაბო.

საბურთალო: ლ. კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილიმ კაკუბავა, ტაბატაძე, ტერა, ალთუნაშვილი, ბუმალი, ლუმუ, ბ. ქავთარაძე.

I ტაიმი

4′ წუთი. „აპოლონმა“ მატჩი აქტიურად დაიწყო და მალევე დაწინაურდა: საჯარიმოს გარედან კვიპროსელთა ფრანგმა ლეგიონერმა დაბომ საჯარიმოს გარედამ უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

29′ წუთი. გაგი მარგველაშვილმა გაფრთხილება მიიღო.

32′ წუთი. დაბომ მეორეც გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებულზე მან ყველას დაასწრო და „აპოლონი“ 2:0 დააწინაურა.

37′ წუთი. მსაჯმა „საბურთალოს“ ლეგიონერი ილივიე ბუმალი გააფრთხილა.

39′ წუთი. ქართული გუნდის მეორე ლეგიონერმა, ელვინ ტერემაც დასტყუა მსაჯს ყვითელი ბარათი.

 

II ტაიმი

52′ წუთი. მასპინძელთაგან პირველი გაფრთხილება სზალაიმ მიიღო.

59′ წუთი. ნიკოლას დიგუინიმ „აპოლონის“ უპირატესობა სამამდე გაზარდა.

63′ წუთი. ლუმუს ნაცვლად მოედანზე გიორგი გულიაშვილი გამოვიდა.

64′ წუთი. „აპოლონის“ მწვრთნელმა ორმაგი ცვლილება განახორციელა: დიგუინის ნაცვლად მარკოვიჩი გამოვიდა, დენჩის ნაცვლად – აგირე.

66′ წუთი. ანრი ჩაჩანიძემ ელვინ ტერა შეცვალა.

69′ წუთი. შესანიშნავი გოლი გაიტანა 18 წლის გიორგი გულიაშვილმა.

75′ წუთი. პიტასი მატეიმ შეცვალა.

76′ წუთი. დაბომ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

78′ წუთი. გიორგი გოჩოლეიშვილმა ბუმალი შეცვალა. ეს გიორგის სადებიუტო შეხვედრაა ამ სეზონში.

81′ წუთი. ანრი ჩაჩანიჩემ მოედნის ცენტრში წესები დაარღვია, მსაჯმა დაუფიქრებლად უჩვენა წითელი ბარათი.

86′ წუთი. ბერძენმა იანოტასმა მეტად ეფექტური გოლი გაიტანა და „საბურთალომ“ 1:5 დათმო.