„აპოელმა“ ქართველების როლი დააფასა - დვალმა სამწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა #1TVSPORT
„აპოელმა“ ქართველების როლი დააფასა - დვალმა სამწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა #1TVSPORT

ნიქოზიასაპოელის“ ოფიციალურმა გვერდმა „ტვიტერის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პრინციპულ მეტოქესთან, „ომონიასთან“ დიდი ანგარიშით გამარჯვებას (4:0) გამოეხმაურა და ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას სურათის გამოქვეყნებით წარმატებაში ქართველი მოთამაშეების როლს გაუსვა ხაზი.

ქვილითაია იყო მატჩის გმირი — ჯერ მისი წაქცევისთვის მეტოქის მცველი გააძევეს, მისი გადაცემით ლაშა დვალმა ანგარიში გახსნა, მერე კი თავად გაიტანა. ესეც არ იკმარა და გასვლამდე სრული კომპლექტისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო.

ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში გოლი 25 თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა. კვიპროსულმა გამოცემამ, „სპორტაიმმა“ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ გიორგიმ დვალის გოლზე უფრო მეტი ემოცია გამოავლინა.

გამოცემა „კერკიდამ“ ქვილითაიას ასეთი თამაში „დაბრუნებად“ შეაფასა.

„ეს იყო ქვილითაიას დაბრუნება. მან „მშრალი“ პერიოდი „ომონიასთან“ კარგი თამაშით გამოისყიდა. გაიტანა გოლი, რამაც მასზე ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედა. ალბათ საუკეთესო თამაში აჩვენა მიმდინარე ჩემპიონატში და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა „აპოელის“ თამაშზე, ეს გუნდის მწვრთნელმა ვლადან მილოევიჩმაც აღნიშნა. ერთადერთი უარყოფითი 29 წლის ფეხბურთელის მხრიდან მე-3 ყვითელი ბარათია, რაც მას მომდევნო მატჩში თამაშის უფლებას ართმევს“.

დვალმა „აპოელის“ მაისურით „ომონიასთან“ პირველი გოლი გაიტანა. საერთოდ კი, თავის გამოჩენა სამწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ბოლოს გატანა 2018/19 წლების სეზონში „ფერენცვაროშის“ მაისურით უნგრეთში თამაშის დროს მოახერხა.