„აპოელმა“ ფრედ ითამაშა - ქვილითაია გუნდს კორონავირუსის გამო ვერ დაეხმარა #1TVSPORT
„აპოელმა“ ფრედ ითამაშა - ქვილითაია გუნდს კორონავირუსის გამო ვერ დაეხმარა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიას კორონავირუსი დაუდასტურდა და „აპოელს“ „ოლიმპიაკოსთან“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში ვერ დაეხმარა.

„აპოელი“ ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის და უშუალო კონკურენტთან შეხვედრას გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 77-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. მურთაზ დაუშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.

შეხვედრის მე-12 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გადაამოწმა და ჯარიმა შეცდომად ჩათვალა. ბედი ბოლო წუთებზე გატანილმა გოლებმა გადაწყვიტა. „აპოელი“ მე-80 წუთზე კაცნაკლული დარჩა – ნიქოზიელებს ისამ ჩებაკე გაუგდეს. ამით მასპინძლებმა ისარგებლეს და 89-ე წუთზე ანგარიში ვასილის მანტისმა გახსნა. მაგრამ „აპოელმა“ ხასიათი გამოავლინა და 90-ე წუთზე წონასწორობა ანდრეა კარომ აღადგინა.

„აპოელი“ 13 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-6 ადგილზეა. ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული ამდენივე ქულის მქონე „ომონიას“, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ ტურის შეხვედრა დარჩენილი აქვს და მოგების შემთხვევაში „აპოელს“ დაეწევა.