გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე ტურში გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის „აპოელს“ დაუპირისპირდება. კვიპროსული კლუბის პრესსპიკერმა, ნექტარიოს პეტევინოსმა მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ქართული გუნდის დეტალურ შესწავლა დაიწყეს. ამავე დროს „აპოელის“ პრესსპიკერმა გაჟღერა გუნდის პოზიცია, რომ ნიქოზიელების ერთადერთი მიზანი „დილას“ დამარცხება და კონფერენსლიგის პლეი ოფში გასვლაა.
„გუნდმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სერბული „ვოევოდინა“ კიდევ ერთხელ დავამარცხეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. გამარჯვებები კი უეფა-ს საკლუბო რეიტინგში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის და კვიპროსის ფეხბურთისთვის.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ გამარჯვებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის მიუხედავად, გუნდის რესურსი შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად არც თუ ისე დიდია. ახლა მთავარია, მომდევნო მეტოქის, გორის „დილას“ თამაში დროულად და კარგად შევისწავლოთ.
ქართული გუნდი წინა ტურში „ვორსკლასთან“ აუტსაიდერად მიიჩნეოდა, მაგრამ უკრაინული გუნდის დამარცხება და მესამე ეტაპზე გასვლა მოახერხა. ეს მოწმობს, რომ ევროპულ ფეხბურთში ყველაფერი შეიცვალა. არ შეიძლება გამარჯვებაში ზედმეტად დარწმუნებული იყო და რომელიმე მეტოქე არ დააფასო. ამიტომ ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა გორის „დილას“ თამაშის საფუძვლიანად შესწავლა უკვე დაიწყო“, – ამბობს „აპოელის“ პრესსპიკერი.