„აპოელის“ მწვრთნელი - ქვილითაიას ცრემლები წამოუვიდა, როდესაც დაშავდა და გაიგო, რომ ვერ ითამაშებდა #1TVSPORT
„აპოელის“ მწვრთნელი - ქვილითაიას ცრემლები წამოუვიდა, როდესაც დაშავდა და გაიგო, რომ ვერ ითამაშებდა #1TVSPORT

„აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში აუტსაიდერ „დოქსასთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა და გალიდერების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი რამდენიმე ლიდერის, მათ შორის კაპიტან გიორგი ქვილითაიას არყოფნა იყო.

ეს მოულოდნელი ამბავი აღმოჩნდა, რადგან მედიაში წინასწარ გავრცელებულ ცნობებში „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველი ლეგიონერიც სახელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ გიორგი ქვილითაია სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ამის შესახებ „დოქსასთან“ მატჩის შემდეგ „აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადან მილოევიჩმა ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა პრობლემები, დაგვაკლდა ქვილითაია, რომელმაც ვერ შეძლო თამაში და ამან ჩვენი გეგმა შეცვალა… მე ვამაყობ ამ ბიჭებით. შეხედეთ ქვილითაიას, რომელსაც ცრემლები წამოუვიდა, როდესაც დაშავდა და გაიგო, რომ ვერ ითამაშებდა. ჩემი ყველა ფეხბურთელი პიროვნებაა და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს. ოპტიმიზმით სწორედ ეს მავსებს“, – განაცხადა „დოქსასთან“ მატჩის შემდეგ ვლადან მილოევიჩმა.

გიორგის გარდა, „დოქსასთან“ მატჩი გამოტოვეს ტრავმირებულმა შუსიჩმა და დისკვალიფიცირებულმა კარომ, ხოლო დონისი ბოლო სამი დღე სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, მაგრამ „აპოელის“ მწვრთნელმა, ვლადან მილოევიჩმა რისკი თავიდან აიცილა და დაასვენა.

გამოცემა Athlitiki-ს ინფორმაციით, ანალოგიური რამ მოხდა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შემთხვევაშიც, რაც გვაიმედებს, რომ ქვილითაიას ტრავმა სერიოზული არ არის:

„როგორც ტასოს დონისთან დაკავშირებით, ვლადან მილოევიჩმა ასევე აარიდა რისკი გიორგი ქვილითაიას, რომელიც თავს არაკომფორტულად გრძნობდა და ამიტომ „დოქსასთან“ დაასვენეს“.