„აპოელი“ ჩემპიონატში გალიდერდა - ლორიამ პენალტი მოიგერია, ქვილითაიამ გუნდს გამარჯვება მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – „აპოელმა“ „ანორთოსისი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა, რამაც მას გალიდერების საშუალება მისცა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ლაშა დვალმა და გიორგი ქვილითაიამ ითამაშეს, მურთაზ დაუშვილი კი სათადარიგოებში იყო. „ანორთოსისის“ კარში გიოგი ლორია იდგა და შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ავთო ებრალიძე კი ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ მკურნალობს.

„აპოელს“ მე-11 წუთზე შეეძლო დაწინაურება, როდესაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მარკინოს დარტყმულ პენალტზე გიორგი ლორიამ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია.

29-ე წუთზე „აპოელმა“ ანგარიში მაინც გახსნა და არც ამაში იყო ლორიას ბრალი. გოლი ქვილითაიამ შექმნა. „აპოელის“ თავდამსხმელმა ახლოდან დაარტყა, ლორიამ ბურთი მოიგერია, მაგრამ ვარაზდატ აროიანს მოხვდა, რომელმაც შემთხვევით თავისი გუნდის კარი აიღო – 1:0. ქვილითაიამ მეორე ტაიმშიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირდა.

15 ტურის შემდეგ 36 ქულით სატურნირო ცხრილში კვლავ „აპოელი“ გალიდერდა, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კი 18 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა.