ანზორ მექვაბიშვილს რობერტ ლევანდოვსკის გუნდში თამაშს სთავაზობენ #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილს ამერიკაში იწვევენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოისურვებს თუ არა კრაიოვის „უნივერსიტატეა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე გუნდის დასუსტებას, – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შესახებ ინფორმაციას რუმინელი ჟურნალისტი ემანუელ როსუ ავრცელებს.
ავტორი სტატიებს ისეთ ავტორიტეტულ გამოცემებში აქვეყნებს, როგორებიცაა: The NY Times-ი, The Guardian-ი, BBC News-ი, World Soccer-ი, Four Four Two და ESPN-ი. გარდა ამისა, ის რუმინეთს „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში წარმოადგენს და სანდო წყაროდ მიიჩნევა.
ემანუელ როსუს თქმით, მეიჯორ ლიგის „ჩიკაგო ფაირმა“ კრაიოვის „უნივერსიტატეას“ ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართა და ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ 1.8 მილიონი ევრო შესთავაზა. ბონუსების გათვალისწინებით კი ამ თანხამ, შესაძლოა, 2.2 მილიონ ევროსაც მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში ახლახან „ბარსელონადან“ რობერტ ლევანდოვსკი გადავიდა. ამერიკული კლუბი რუმინულ მხარეს 25 წლის ნახევარმცველის მომავალი ტრანსფერიდან მიღებული თანხის 15 პროცენტსაც სთავაზობს.
მექვაბიშვილი „კრაიოვაში“ 2024 წლის იანვრიდან ირიცხება. მის სანაცვლოდ რუმინულმა კლუბმა თბილისის „დინამოს“ 750 ათასი ევრო გადაუხადა. განვლილ სეზონში მექვაბიშვილს სოლიდური მაჩვენებლები ჰქონდა – 10 საგოლე გადაცემა და 4 გოლი, რის გამოც იგი სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.