ანზორ მექვაბიშვილი -კაშია და კვეკვესკირი ყველა ახალწვეულს ეხმარებიან, ისინი გასახდელის ლიდერები არიან #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილი -კაშია და კვეკვესკირი ყველა ახალწვეულს ეხმარებიან, ისინი გასახდელის ლიდერები არიან #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, „დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში სადებიუტო თამაშებზე ისაუბრა. 21 წლის ფეხბურთელმა ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ ექვსი შეხვედრიდან ოთხი მატჩი ჩაატარა, მათ შორის სამი – ძირითად შემადგენლობაში.

„მთავარია, ეს მატჩები დადებითი შედეგებით დავასრულეთ. შესაძლოა, სანახაობრივი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ მთავარია, რომ მწვრთნელის, ვილი სანიოლის დავალებები შევასრულეთ.  ვფიქრობ, ხალხი შედეგით კმაყოფილია, რადგან ერთა ლიგის C დივიზიონის ნაკრებებში ყველაზე მეტი ქულა დავაგროვეთ. რა თქმა უნდა, ხარისხი უკეთესი უნდა იყოს, მაგრამ კონკრეტული თამაში გაჩვენებს, როგორ უნდა წარმართო.

ჩრდილოეთ მაკედონია რაღაც მომენტში ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და მომენტები გამოვიყენეთ. გიბრალტარში სულ ჩვენ ვფლობდით ბურთს, მაგრამ თერთმეტივე მოთამაშე უკან იდგა და ასეთი დაცვითი ბარიერების გადალახვა რთული იყო. ჩრდილოეთ მაკედონიელები ამბობენ, რომ გვაჯობეს, მაგრამ ჩვენ თამაში კონტრშეტევებზე დავგეგმეთ, გვქონდა სივრცეები, მომენტები, რომლებიც გამოვიყენეთ.

ვილიმ ნდობა პირველად მარტში გამომიცხადა. კარგი ურთიერთობა გვქონდა, კარგი თვალით მიყურებდა. საერთოდ, ნაკრებში გამოძახებულ ყველა ფეხბურთელს ასე უყურებს, კარგი მიდგომები აქვს. ამიტომაცაა ნაკრები ერთი ოჯახივით და ყველა მარტივად შემოდის, რთული გარემო არ არის. მაგალითად, კაშია და კვეკვესკირი ყველა ახალწვეულს ადაპტაციაში ეხმარებიან. ისინი გასახდელის ლიდერები არიან. მათი დახმარებით ყველაფერი გამიადვილდა.

სანიოლი შესვენებაზე?  შემოდის და რაღაც თუ არ მოსწონს, ტონი ეცვლება და პირდაპირ გვეუბნება, რომ შეცდომები გამოვასწოროთ, მაგრამ ჩხუბი მე არ მახსენდება. ყველას ეუბნება, რომ საუკეთესო ფორმაში იყვნენ და გუნდებში მაქსიმალური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. ყველაზე მეტად ამას ექცევა ყურადღება, რადგან ფეხბურთელი საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს“,  – ამბობს ანზორ მექვაბიშვილი.