ანზორ ბიწაძე - საზოგადოების აღშფოთება პოლიტიკური წარსულის მქონე მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენამ გამოიწვია
ანზორ ბიწაძე - საზოგადოების აღშფოთება პოლიტიკური წარსულის მქონე მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენამ გამოიწვია

ამ მოსამართლეებს პოლიტიკური წარსული აქვთ და მათი კანდიდატურების წარდგენის შემდეგ, საზოგადოების აღშფოთება სწორედ ამან გამოიწვია, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ამ კონკრეტული ადამიანების, გვარებისა და სახელების უკან დგას ის გახმაურებული პოლიტიკური საქმეები, რომლის მომსწრენიც წლების მანძილზე ვიყავით. მე, მაგალითად, წარმოვადგენ იმ ორგანიზაციას, რომლის 42 წევრიდან ოთხი წევრი გაასამართლეს და ორივეს საქმეში ეწერა, რომ მათ პოლიციელს პერანგი შემოახიეს და წინააღმდეგობის გაწევისას მეოთხე და მეხუთე ღილი მოწყვიტეს. აი, ამ მოსამართლეებზეა ლაპარაკი. ასევე, მე ძალიან კარგად ვიცნობ „მუხროვანის საქმეს“ და მაშინდელ მოვლენებს, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ 2009 წლის საპროტესტო ტალღას დაამთხვია და კარგად ვიცი, რომ გენერალ კობალაძეს ამ ამბოხთან არანაირი შეხება არ ჰქონია, არც კარგი და არც ცუდი. ის ადამიანი კი, რომელიც ამ საქმის მოსამართლე გახლდათ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში იყო წარმოდგენილი მოსმენაზე“, – განაცხადა ბიწაძემ.

მისი თქმით, საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს გამოცდილება საერთოდ არ აქვს.

„ეს არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა და ვერცერთი ყოფილი ხელისუფლება ვერ დაიკვეხნის იმას, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო გვქონდა“, – განაცხადა ბიწაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა ასევე განაცხადა, რომ ამ ადამიანების მოსამართლეებად გამწესების შემთხვევაში, იქმნება სახელმწიფოებრივი პრობლემა და ხვალინდელი დღე ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგება, რადგან ეს დაუსჯელობის სინდრომს გააღრმავებს და ათწლეულებით დაგვაშორებს პერსპექტივას, რომ სამართლიანი სასამართლო მივიღოთ.

როგორც ბიწაძემ აღნიშნა, სასამართლოზე კონტროლის გამკაცრება პირველ რიგში, იმიტომ ხდება, რომ თუ არჩევნებზე იქნება მანიპულაციები, რასაც სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები დააფიქსირებენ და სასამართლოში წარადგენენ, სასამართლოზე გავლენა მოხდეს და ასევე, გარკვეული სახელისუფლებო წრეების პირდაპირ ინტერესშია, სხვადასხვა ბიზნესდავების განხილვისას სასამართლო მაქსიმალურად კონტროლირებადი იყოს.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს, სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მთლიანად საზოგადოებას მოუწოდა, დემოკრატიული ზეწოლის ფორმებში ხელისუფლებაზე მაქსიმალური პრევენციული ზომები გაატარონ, რათა წარმოდგენილი კანდიდატურების სასამართლოში დაბრუნება, ან უვადოდ გამწესება არ მოხდეს.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ გააპროტესტა საზოგადოებამ ბოლო დროის შეწყალებები მაშინ, როცა ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება იყო და არსად წერია, რომ მას მკვლელის შეწყალების უფლება არ აქვს, ან შეწყალება რომელიმე დანაშაულს არ ეხება, ანზორ ბიწაძემ განაცხადა, რომ მართალია, ეს არსად წერია, მაგრამ არსებობს მორალური კრიტერიუმები, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს და არც თუ ისე დაბალი, როგორც ეს წინა, თუ დღევანდელ ხელისუფლებას ეგონა.

„როდესაც სასჯელს ასობით ადამიანი იხდის, რომელიც ქურდობას სოციალურად დაუცველობის გამო ჩაიდენს და შეწყალების რიგს ელოდება, იმას არანაირი გაწერა არ სჭირდება, რომ 34 ადამიანის სია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის მეთაურობით კარგად განიხილოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იქნას შეწყალებული და ვინ არა. ის, რაც დღეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტიდან და ადმინისტრაციიდან წამოვიდა, არის უბრალოდ, არაჰუმანურობა, ამორალური და აბსოლუტურად არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.