ანტუან გრიზმანი - როცა გუნდს ჰყავს მესი, ის სრულიად განსხვავებული მეტოქეა #1TVSPORT
ანტუან გრიზმანი - როცა გუნდს ჰყავს მესი, ის სრულიად განსხვავებული მეტოქეა #1TVSPORT

„ტოტენჰემისა“ და საფრანგეთის ნაკრების მეკარემ, უგო ლორისმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოსთან გამარჯვებასა (2:0) და ტურნირის ფინალზე ისაუბრა, სადაც საფრანგეთი არგენტინასთან ითამაშებს.

„მაროკოსთან ძალიან ბევრი ვინერვიულეთ და დავიღალეთ. მაგრამ შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ საკუთარ თავს ვაჩუქეთ დიდი შესაძლებლობა, რომ საფრანგეთის ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში ჩავეწეროთ, რადგან 4 წლის განმავლობაში მეორე ფინალში გავედით.

მაროკოსთან ყველაფერი იდეალურად არ იყო. კვირას კი მთელი ჩვენი რესურსის გამოყენება მოგვიწევს. შესანიშნავი ფინალი იქნება. არგენტინა შესანიშნავი გუნდია ფეხბურთელით, რომელიც სპორტის ისტორიაში შევიდა (ლიონელ მესი), მაგრამ ჩვენც გვაქვს კოზირი, მათ პასუხი რომ გავცეთ“, – განუცხადა ლორისმა BeInSports-ს.

საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა კი მხოლოდ ფინალთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გააკეთა კომენტარი.

„როცა გუნდს ჰყავს ლეო მესი, ის სრულიად განსხვავებული მეტოქეა. თითქმის ყველა მატჩი ვნახეთ და ვიცით, არგენტინელები როგორ თამაშობენ. ეს ძალიან რთული გუნდია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. მათ ჰყავთ შემადგენლობა, რომელიც შეთამაშებულია, ისევე როგორც ჩვენ. უმძიმესი მატჩი გველის, რადგან მათ ბევრი გულშემატკივარი ეყოლებათ. ახლა ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ დავგეგმოთ თამაში მათ წინააღმდეგ“, – ციტირებს გრიზმანს L’Équipe.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში კი საფრანგეთის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ კვირას, 18 დეკემბერს ითამაშებს – თამაში თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. გადამწყვეტი შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.