ანტუან გრიზმანი „ლოს ანჯელესს“ უახლოვდება #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ანტუან გრიზმანი, შესაძლოა, ბოლო თვეებს ატარებს მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის რანგში. 34 წლის მოთამაშეს, რომელსაც ესპანურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი, სულ უფრო ხშირად უწინასწარმეტყველებენ სეზონის შემდეგ „ლოს ანჯელესში“ გადასვლას. ამის შესახებ გამოცემა Fichajes.net წერს.
ამ მიმართულებით ჭორები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამძაფრდა, როცა „ლოს ანჯელესის“ ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ გრიზმანი დაინტერესდა საფრანგეთის ნაკრებში თავისი ყოფილი თანაგუნდელის MLS-ში გამოსვლით.
16 გოლითა და რვა შედეგიანი გადაცემით გრიზმანი კვლავაც რჩება „ატლეტიკოს“ მნიშვნელოვან ფეხბურთელად, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი გამოწვევა ხიბლავს ვეტერან ფრანგ ფეხბურთელს.
„ლოს ანჯელესმა“, რომელშიც ჟირუს გარდა საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი უგო ლორისი თამაშობს, უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გრიზმანის გარემოცვასთან, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
„ატლეტიკოსაც“ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, მადრიდული კლუბი უკვე გეგმავს მომავალ სეზონს და თუ ფრანგის წასვლა გარდაუვალია, „ატლეტიკოს“ მოუწევს გრიზმანისთვის ღირსეული შემცვლელის ძიება.