ანტონიუ გუტერეში – მკაფიოდ დავგმეთ „ჰუსიტების“ თავდასხმები და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ნავიგაციისთვის შექმნილი დაბრკოლებები, ამავდროულად, ორივე მხარეს მოვუწოდებთ, შეძლონ დიალოგის დაწყება

01:41, 17.09.2026

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა საუდის არაბეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე „ჰუსიტების“ თავდასხმები და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ნავიგაციისთვის შექმნილი დაბრკოლებები დაგმო.

მისი თქმით, მხოლოდ სამხედრო მოქმედებები კრიზისს ვერ მოაგვარებს. შესაბამისად, გუტერეში მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

„სამხედრო მოქმედებები ამ მომენტშიც მიმდინარეობს. პრობლემა ის არის, რომ ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტა ძალიან რთულია და იემენში ბრძოლის გამოცდილებამ აჩვენა, რამდენად რთულია იქ წარმატებული სამხედრო ჩარევის განხორციელება. გადავხედოთ ისტორიას. ქმედებების დაგმობისა და იმის ხაზგასმის გარდა, რომ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნდეს, მნიშვნელოვანია სერიოზული მოლაპარაკებისთვის კარის გახსნა. სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ სამხედრო გზით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება“, – განაცხადა გუტერეშმა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა „ჰუსიტებთან“ ფარული, არაფორმალური მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან შეთანხმების მისაღწევად, გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლები ამ მიმართულებით აქტიურ და ფართომასშტაბიან ძალისხმევას ახორციელებენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ჩვენ მკაფიოდ დავგმეთ „ჰუსიტების“ თავდასხმები საუდის არაბეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ნავიგაციისთვის შექმნილი დაბრკოლებები. ამავდროულად, ორივე მხარეს მოვუწოდებთ, შეძლონ დიალოგის დაწყება, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ეს დრამატული გამწვავება დასრულდეს“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი