ანტონიუ გუტერეში – 11 სექტემბრის საზარელმა ტერაქტებმა სამყაროზე წარუშლელი კვალი დატოვა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საერთო ვალდებულება, შევქმნათ ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, კიდევ ერთხელ აიღოს ვალდებულება, რათა ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი შეიქმნას.
გუტერეშმა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს „თავად კაცობრიობაზე თავდასხმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მომხდარმა მსოფლიოზე ხანგრძლივი კვალი დატოვა.
გუტერეშის განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ, ფარჰან ჰაკმა გაავრცელა.
„ოცდახუთი წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს საზარელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, თავდასხმამ თავად კაცობრიობაზე, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ჩვენს სამყაროზე წარუშლელი კვალი დატოვა. 11 სექტემბერს, ამ მძიმე და სამწუხარო თარიღის აღნიშვნისას ჩვენ ვიხსენებთ თითქმის 3 000 მსხვერპლს, რომლებიც იყვნენ როგორც შეერთებული შტატებიდან, ასევე მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან და თანადგომას ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებიც თავდასხმებს გადაურჩნენ და პირველ მაშველებს, რომლებმაც ტრაგედიის დროს განსაკუთრებული სიმამაცე და ადამიანურობა გამოიჩინეს. ბევრმა მათგანმა სხვები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. ამ მძიმე წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ნიუ იორკის მოსახლეობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყველა იმ ადამიანს, რომლის ცხოვრებაზეც ამ თავდასხმებმა გავლენა მოახდინა. ეს წელი ასევე აღნიშნავს 20 წელს მას შემდეგ, რაც გაერო-ს წევრმა სახელმწიფოებმა გაერო-ს ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური სტრატეგია მიიღეს. ეს გვახსენებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა საერთაშორისო საზოგადოების საერთო საქმეა და ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. როდესაც პატივს მივაგებთ ტერორიზმის მსხვერპლებს, მოდით, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთო ვალდებულება, შევქმნათ მომავალი, რომელიც ტერორიზმისგან თავისუფალი იქნება“, – ნათქვამია გენერალური მდივნის მიმართვაში, რომელიც მისი პრესსპიკერის მოადგილემ გაავრცელა.
ცნობისთვის, 25 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.