ანტონიო კასანო - „ნაპოლიში“ არის ფენომენი, რომელზეც მომდევნო 15 წელი ილაპარაკებენ #1TVSPORT
ანტონიო კასანო - „ნაპოლიში“ არის ფენომენი, რომელზეც მომდევნო 15 წელი ილაპარაკებენ #1TVSPORT

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში იტალიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ სერია A-ს ბოლო ტურის შედეგები გააანალიზა და შანსი ხელიდან არ გაუშვა, რომ „სასეუოლისთან“ მატჩის ერთ-ერთი გმირი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ გამოერჩია.

ანტონიო კასანო ინსტაგრამზე ყოველკვირეულ ბლოგში აკეთებს კომენტარს სერია A-ს შედეგებზე. მან საუბარი „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას თამაშით შეფასებით დაასრულა.

„ამ დროისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ოსიმენია, შესანიშნავი ბომბარდირი, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანს ძალიან კარგად დაუბრუნდა, მაგრამ ქართველი ბიჭი ფენომენია. ამას ყოველ კვირას ვიმეორებ. მას აქვს კლასი, ის გუნდს საგოლე გადაცემებით ეხმარება და ზონებს შორის თავისუფლად თამაშობს“, – ამბობს კასანო.

უმაღლეს დონეზე ნათამაშები იტალიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი აცხადებს, რომ უახლოეს წლებში მსოფლიო ქართველ ფეხბურთელზე ილაპარაკებს.

„მე ის ძალიან მომწონს და მიმაჩნია, რომ მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში ყველა მასზე ისაუბრებს. სპალეტიმ თქვა, რომ ის ძალიან კარგი და მორიდებული ბიჭია. მართლაც ფენომენალური მოთამაშეა“, – აცხადებს ვეტერანი თავდამსხმელი.