ანტონიო კასანო - „ნაპოლი“ ევროპის საუკეთესო გუნდია, კვარაცხელია „დამანგრეველია“ #1TVSPORT
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ მიმდინარე სეზონში „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ გამოსვლაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო.
„ლამაზ ფეხბურთს თამაშობს „ლაციო“, მაგრამ ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არ გამოიყურებიან და ვერ აკეთებენ იმას, რასაც სარი ითხოვს. პირველ ტაიმში ისინი სკუდეტოს იმსახურებენ, მაგრამ ყველაფერი მეორე ტაიმის დასაწყისში მთავრდება. მწვრთნელმა გამოსავალი უნდა მოძებნოს, თორემ გაუჭირდება. ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატის სიურპრიზი „ლაციო“ იქნება.
„ნაპოლი“ კი ევროპის საუკეთესო გუნდია: ლუჩანო სპალეტის გუნდზე ათასი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. მან ჩამოაყალიბა შესანიშნავი გუნდი. კვარაცხელია „დამანგრეველია“, ოსიმენი პროგრესირებს, ლობოტკას შეუძლია, ითამაშოს იქ, სადაც უნდა, კიმ მინ ჯე კი სხვა პლანეტიდანაა. „ნაპოლი“ შესანიშნავია.
სპალეტი თავისი სპორტული და ადამიანური ღირებულებებით უნიკალურ საქმეს აკეთებს, მისი გუნდი კი ევროპაში ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს. 21 თამაშში მოპოვებული 56 ქულა ნამდვილი სტრატოსფეროა“, – ციტირებს კასანოს სიტყვებს TMW.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგაში მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველა ტურნირზე 10-ზე მეტი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება (10+12) მოახერხა, ლიდერთა ხუთეულში კი ყველაზე ახალგაზრდაა.