ანტონიო კასანო – იტალიას ინდივიდუალისტები არ დარჩა, საქართველოს კი კვარაცხელია ჰყავს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია #1TVSPORT
ანტონიო კასანო გამოეხმაურა იტალიის ნაკრების ისტორიულ წარუმატებლობას. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი პლეიოფის ფინალში ბოსნიასთან დამარცხდა და ზედიზედ მესამედ დარჩა მუნდიალს მიღმა.
„ბოლო წლებში ხშირად ვამბობდი, რომ იტალიელი ფეხბურთელები სუსტები არიან. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გატუზომ საუკეთესოები მიიწვია, მაგრამ ძალიან ბევრი უნიჭო მოთამაშე გვყავს, რომლებიც დიდ თანხას გამოიმუშავებენ. ამ დროს არ ჩანან ინდივიდუალისტები, არც ხარისხია და, ფაქტობრივად, არაფერი გვაქვს.
ძალიან ცოტა იტალიელია, ვინც თამაშების ბედს წყვეტს. დონარუმა ერთადერთი გამორჩეული ფეხბურთელია – კარში დაახლოებით 30-ჯერ დაურტყეს და ძირითად დროში გადაგვარჩინა. ვულოცავ ბოსნიას, ეს გუნდი წარმატებას იმსახურებდა. მათ რიგებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიც კი მილიონს იღებს, ჩვენ კი ყველანაირად გაგვანადგურეს – სირბილით, გამბედაობითა და აგრესიით.
ყველას გვიხაროდა, რომ ბოსნია შეგვხვდა. ვინ იცნობს მათ ფეხბურთელებს? არავინ. მაგრამ ისინი მამაცები იყვნენ. ბარბარესმა განსაკუთრებული სამუშაო გასწია ჯეკოს გენიალურობის მოედანზე სწორად გამოყენების კუთხით. ჯეკო გერმანიაში გადავიდა, მეორე ბუნდესლიგაში, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო ჩინეთში ან აშშ-ში გადასვლა. ვულოცავ ჯეკოს და სრულიად ბოსნიას.
უკვე 15 წელია, იტალია სისულელეებს აკეთებს. ძალიან ცუდად ვთამაშობთ და ყველა დაგვცინის. მოედანზე ჯამბაზებივით გამოვიყურებით. ამ დროს რას აკეთებენ ჩვენზე ბევრად პატარა ქვეყნები? ნორვეგია იტალიაში ჩამოვიდა და ოთხი გოლი გაგვიტანა. ავიღოთ საქართველოს მაგალითი – ისინი ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად თამაშობდნენ და ხვიჩა კვარაცხელიას სახით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ჰყავთ“, – ამბობს კასანო.