ანტონიო გუტიერეში ლიბიაში არსებული ვითარებით შეშფოთებულია
ანტონიო გუტიერეში ლიბიაში არსებული ვითარებით შეშფოთებულია

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ლიბიაში არსებული ვითარებით შეშფოთებულია. გუტიერეში გაერო-ში ლიბიის მუდმივ წარმომადგენელთან ერთად ლიბიაში ჩავიდა და ხალიფა ჰაფტარს შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხალიფა ჰაფტარმა გაერო-ს გენერალურ მდივანს უთხრა, რომ გააგრძელებს ბრძოლას ტრიპოლისთვის.

„ვტოვებ ლიბიას დამძიმებული გულით და ღრმად შეშფოთებული. ჯერ კიდევ მჯერა, რომ შესაძლებელია სისხლიანი კონფრონტაციის თავიდან აცილება“, – წერს გაერო-ს გენერალური მდივანი „ტვიტერში“.

ლიბიელი სამხედრო მეთაური ხალიფა ჰაფტარი, რომელიც მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, დედაქალაქ ტრიპოლის აღებას გეგმავს.

ხალიფა ჰაფტარი კადაფის ყოფილი სამხედროებისგან დაკომპლექტებულ არმიას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მისი არმია დასუსტებულ ტრიპოლიზე კონტროლის მოპოვებას 48 საათში შეძლებს.

ამჟამად ჰაფტარის შეიარაღებული ძალები ტრიპოლიდან 60 კილომეტრში იმყოფებიან. დაანონსებული იერიში მოულოდნელი აღმოჩნდა გაერო-სთვის, რომელიც ევროკავშირთან ერთად ლიბიის ორხელისუფლებიანობის პირობებში მხარდაჭერას ტრიპოლის მთავრობასა და არჩეულ პარლამენტს უცხადებს.