ანტონ პლესნოი სამი ოქროს მედლის მფლობელია
ანტონ პლესნოი სამი ოქროს მედლის მფლობელია

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ რომში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა ატაცში 176 კგ. დაძლია და ჩემპიონი გახდა. აკვრაში პლესნოის შედეგი 210 კგ-ია და ჩვენმა სპორტსმენმა ამ მოძრაობაშიც პირველობა იზეიმა.

ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში დაძლეული 386 კგ-ით ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

პლესნოი პირველი ძალოსანია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 2020 წელს ოქროს მედლები მოუტანა. რომში ასევე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.

31 იანვარს ფიცარნაგზე საკუთარ ძალებს უკვე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მოსინჯავს.