ანტონ ჩიჩკანი ბათუმის „დინამოს” დავალიანების გამო უჩივის - უცხოელებს ხელფასებს გვიგვიანებდნენ, ქართველებს კი დროულად უხდიდნენ #1TVSPORT
ანტონ ჩიჩკანი ბათუმის „დინამოს” დავალიანების გამო უჩივის - უცხოელებს ხელფასებს გვიგვიანებდნენ, ქართველებს კი დროულად უხდიდნენ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მეკარე ანტონ ჩიჩკანი დავალიანების გამო კლუბს უჩივის – ამის შესახებ კრაკოვის „ვისლას“ ახალწვეულმა ბელარუსულ გამოცემასთან ისაუბრა და გუნდიდან წასვლის მიზეზი დაასახელა.

28 წლის მეკარე ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში თითქმის არ უთამაშია.

„ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ ფიფა-ში სარჩელი შევიტანეთ და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ქვეყნის ჩემპიონ გუნდს უცხოელი ფეხბურთელებისთვის ფინანსების გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, საკმაოდ სოლიდური დავალიანება დაგროვდა.

ბათუმის „დინამოში“ გატარებული დროის თითქმის ნახევარი ისე მიილია, ხელფასი სრულად, ფაქტობრივად, არ მიმიღია, ბოლო თვეებში კი გადახდა საერთოდ შეწყვიტეს. ბევრ ქართველ ფეხბურთელს ყველაფერს დროულად უხდიდნენ, რასაც ლეგიონერებზე ვერ ვიტყვი – არიან უცხოელები, რომლებსაც ექვსი და მეტი თვეა, ხელფასი არ აუღიათ.

ცოტა გაკვირვებული ვარ ადგილობრივი და მიწვეული ფეხბურთელებისადმი განსხვავებული მიდგომით. თუ ერთი გუნდი ვართ, პრობლემა ყველას უნდა შეეხოს და არა მოთამაშეთა ცალკეულ ჯგუფს. ჩემი აზრით, არასწორია, როცა ქართველები ხელფასს დროულად იღებენ, უცხოელები კი – ვერა.

ხუთი თვის დავალიანება დაგროვდა და ფიფა-ს მივმართეთ. ეს არ არის სწრაფი პროცესი, სარჩელის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება, ასე რომ, ველოდებით“, – განაცხადა ანტონ ჩიჩკანმა.