ანტირეკორდი გავიმეორეთ - საქართველოს ქალთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ანტირეკორდი გავიმეორეთ - საქართველოს ქალთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გამართა და სამწუხაროდ, ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ა“ ჯგუფის ლიდერს, შვედეთს უმასპინძლა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და 11 გოლი გაიტანა.

შვედებმა მეორე ტაიმში ტემპი შეანელეს, მაგრამ კიდევ 4 გოლი კიდევ გაიტანეს და საბოლოოდ, 0:15 მოიგეს. ჰეთ-თრიქი შეასრულა ფილიპა ანგელდალიმ (8, 32, 39), სამმა მოთამაშემ დუბლი მიითვალა – სტინა ბლაკსტენიუსმა (15, 21), ლინა ჰურტიგმა (35, 42) და კოსოვარე ასლანმა (76, 81 – პენალტი), ხოლო 1-1 გოლი ფრიდოლინა როლფეს (3), ლინდა სემბარტის (18), ამანდა ილესტედტის (27), იონა ანდერსონის (29), რებეკა ბლომქვისტის (67) და ოლივია სხოუგის (90+3) ანგარიშზეა.

ამ წაგებით საქართველოს ნაკრებმა ანტირეკორდი გაიმეორა. 2009 წელს გუნდი დანიასთან 0:15 დამარცხდა. 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ა“ ჯგუფში შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 აპრილს ჰელსინკში ფინეთის ნაკრებთან გამართავს.