ანსუ ფატის რეკორდები
ანსუ ფატის რეკორდები

17 წლის ანსუ ფატის შთამბეჭდავი დებიუტი გამოუვიდა ახალ სეზონში – „ვილიარეალის“ წინააღმდეგ „ბარსელონას“ ვუნდერკინდმა დუბლი შეასრულა და ერთი პენალტი მოუტანა თავის გუნდს. მისი წყალობით, რონალდ კუმანის სადებიუტო მატჩი „ბარსას“ მთავარი მწვრთნელის რანგში 4:0 დასრულდა.

ფატი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია TOP5 ქვეყნების ლიგებში, ვისაც შარშანდელი სეზონიდან მინიმუმ 10 გოლი დაუგროვდა, თუმცა, ანსუმ შარშანდელი წლიდან მოყოლებული, უფრო მნიშვნელოვანი ასაკობრივი რეკორდები დაამყარა. აი, მათი ჩამონათვალი:

2019 წლის 25 აგვისტო – ანსუ ფატი გახდა „ბარსელონას“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 1941 წლის შემდეგ. ფორვარდი 16 წლისა და 298 დღის იყო.

2019 წლის 31 აგვისტო – ფატიმ პირველი გოლი გაიტანა „ბარსელონაში“. მაშინ ის გახდა ლა ლიგაში კატალონური კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (და მესამე ლიგის ისტორიაში), ვინც გოლის გატანა მოახერხა. ასაკი: 16 წლისა და 304 დღის.

2019 წლის 14 სექტემბერი – ფატიმ გოლი გაიტანა და შედეგიანი გადაცემა შეასრულა „ვალენსიას“ წინააღმდეგ. და ისევ რეკორდი: ესპანეთის ჩემპიონატში ასეთ ადრეულ ასაკში „გოლი+პასი“ არავის ჰქონია: 16 წლისა და 318 დღის.

2019 წლის 17 სექტემბერი – ფატიმ პირველი მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. ადრე „ბარსელონას“ შემადგენლობაში ამ ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბოიან კრკიჩი იყო. ფატიმ მისი რეკორდი 16 წლისა და 321 დღის ასაკში დაამხო.

2019 წლის 10 დეკემბერი – ჩემპიონთა ლიგაზე ფატიმ გამარჯვების გოლი გაიტანა „ინტერის“ კარში. ის გახდა ტურნირის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი: 17 წლისა და 40 დღის.

2020 წლის 2 თებერვალი – დუბლი „ლევანტეს“ კარში. ფატი ლა ლიგაში დუბლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.

2020 წლის 3 სექტემბერი – ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მასზე ახალგაზრდა იყო ანასტასიო ოკარიზი, რომელსაც 1928 წელს დებიუტი 15 წლის ჰქონდა.

2020 წლის 6 სექტემბერი – ანსუ ფატი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ოდესმე გოლი გაუტანია ესპანეთის ნაკრებში.