ანრი ოხანაშვილი - უსაფრთხოების საბჭოს ახალ მოდელში პრეზიდენტის გათვალისწინება კონსტიტუციურ უხერხულობას ქმნის
ანრი ოხანაშვილი - უსაფრთხოების საბჭოს ახალ მოდელში პრეზიდენტის გათვალისწინება კონსტიტუციურ უხერხულობას ქმნის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახალ მოდელში პრეზიდენტის გათვალისწინება კონსტიტუციურ უხერხულობას ქმნის.

ოხანაშვილი პირველ არხთან საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნებში, სადაც ისეთივე მოდელია, როგორიც საქართველოში, უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია

„საკითხი ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, როლს, ასევე მთავრობის, მთავრობის მეთაურისა და პრეზიდენტის ფუნქციებს ეხება. ქვეყნებში, სადაც ისეთივე მოდელია, როგორიც ჩვენთან, ეს საბჭო პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია. აღნიშნულ მოდელში პრეზიდენტის გათვალისწინება მისი ფუნქციიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ კონსტიტუციურ უხერხულობას ქმნის. არსებობს რაღაც პრინციპები, რასთან დაკავშირებითაც საკითხების გადაწყვეტა ხდება. პრემიერისა და პრეზიდენტის ფუნქციებიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თუმცა კონსულტაციებს დაველოდოთ და შემდგომ შეგვიძლია  დეტალებზე ვისაუბროთ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება კანონპროექტში რაიმე ჩასწორების შეტანას, ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრინციპული პოზიციის შეცვლას არ აპირებს

„შეხვედრა მიმდინარეობს იმ კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვინც უშუალოდ ამ საკითხებზეა პასუხისმგებელი. დაველოდოთ ბატონი ირაკლისა და ბატონი დიმიტრის შეხვედრას. ვნახოთ, ისინი რა პოზიციებს გააჟღერებენ და ამ საკითხზე შემდეგ ვიმსჯელოთ”.-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან დახურული შეხვედრა გამართა.

როგორც დიმიტრი გაბუნიამ პირველ არხს განუცხადა, პრეზიდენტს საშუალება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში.