ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას მართლმსაჯულების საკითხებზე კონკრეტული გეგმა და ფორმატი შევთავაზეთ, არა მხოლოდ ვერბალური პოლიტიკური პაექრობა, არამედ ჯანსაღი და ცოცხალი პროცესი
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას მართლმსაჯულების საკითხებზე კონკრეტული გეგმა და ფორმატი შევთავაზეთ, არა მხოლოდ ვერბალური პოლიტიკური პაექრობა, არამედ ჯანსაღი და ცოცხალი პროცესი

ოპოზიციას მართლმსაჯულების საკითხებზე კონკრეტული გეგმა და ფორმატი შევთავაზეთ, არა მხოლოდ ვერბალური პოლიტიკური პაექრობა, არამედ ჯანსაღი და ცოცხალი პროცესი, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს შეისწავლის.

ოხანაშვილის თქმით, იმის მიხედვით, თუ რაზე მოხდება შეთანხმება, დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილებები.

„ოპოზიციას მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა და ფორმატი შევთავაზეთ; კერძოდ, გაკეთდეს შეფასებითი წერილობითი დოკუმენტი 29 თებერვლის ჩათვლით, სადაც ოპოზიციური ჯგუფები დოკუმენტს ერთობლივად ან ცალ-ცალკე მოამზადებენ, სადაც აქამდე განხორცილებული რეფორმების შეფასება და ანალიზი ობიექტურ ინდიკატორებზე დაყრდნობით გაკეთდება.

ამ დოკუმენტების შედგენის შემდგომ გვექნება დისკუსია, შესაბამის ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრები და კონსულტაციები.

ეს პერიოდი დამატებით ერთ თვეს გასტანს და იმის მიხედვით, თუ რაზე შევთანხმდებით, რა საკითხების იდენტიფიცირებაც მოხდება, დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილებები ისე, რომ მუშაობა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დასრულდეს.

ოპონენტებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ვერბალურ პოლიტიკურ პაექრობას, არამედ მტკიცებულებებზე დაფუძნებით წერილობით შეფასებას, რაც არის ჯანსაღი და ცოცხალი პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის შენარჩუნებას და გაგრძელებას.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ორიენტირებული ვართ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური დოკუმენტის შექმნაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს, რომელზეც სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გატარებულ რეფორმებს შეაფასებს, ასევე მოამზადებს საკუთარ ხედვას.