ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ერთი პირის, პრეზიდენტის მიერ ხდებოდა პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა და ეს არავის გაუპროტესტებია
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ერთი პირის, პრეზიდენტის მიერ ხდებოდა პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა და ეს არავის გაუპროტესტებია

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთი პირის, პრეზიდენტის მიერ ხდებოდა პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენა და არც ერთ ამ ადამიანს, ჩვენს კოლეგას არ გაუპროტესტებია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„როგორ შეიძლება, ერთმა პირმა, ყოველგვარი პროცედურის გარეშე წარადგინოს კანდიდატი. დღეს რომ გვიდასტურებენ, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ მაშინ სასამართლო სისტემა ჰქონდა ერთ პირს ჯიბეში, ამას მაშინაც ხვდებოდნენ. ასევე იცოდნენ, რომ ავტომატურად ხდებოდა ამის დამტკიცება. ერთი შეკითხვა არ გაგჩენიათ არავის, საერთოდ რომ არ არის გათვალისწინებული არანაირი პროცედურა და გამჭვირვალობა, ეს კანონიერია? დღეს ჩვენ როდესაც დეტალურად გავწერეთ პროცედურები, ახლა მოდიხართ და გვაკრიტიკებთ, რომ ეს პროცედურა არ არის სწორი და არ ჯდება არანაირ გამჭვირვალობაში. ეს არის თქვენი გულწრფელობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, 2013 წლის ჩათვლით ორ აბზაცში იყო გაწერილი, თუ რა კრიტერიუმებით, როგორ უნდა მომხდარიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენა.

„კანდიდატს წარადგენდა ერთი პირი – პრეზიდენტი, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ამას არავინ აპროტესტებდა. ეს პროცედურა არავის გაუკრიტიკებია და არავის დაუსვამს კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ, როდესაც ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში და ნაციონალური მოძრაობა რომ თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა ამას, რასაც ჩვენი კოლეგები გვიდასტურებენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.