ანრი ოხანაშვილი - ჩვენ და თავად შს მინისტრი გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ და თავად შს მინისტრი გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, 10 პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა და რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება. ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ პოლიციელის მუნდირს ამოფარებულს შეეძლება რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, პოლიციელი, რომელიც იცავს ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას, იყოს დაცული. თუმცა, თუკი იქ იქნება ისეთი, ვინც ჩაიდენს შესაძლო დანაშაულს, მასზე მოხდეს დროული რეაგირება, მისი გამოვლენა. ეს პროცედურა მიმდინარეობს. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში, არათუ ვინმესთვის უფლებამოსილების შეჩერება, არამედ რეაგირება არ ხორციელდებოდა საერთოდ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, პოლიციელების გადაცდომების დადასტურების შემთხვევაში, უნდა გადადგეს თუ არა შს მინისტრი გიორგი გახარია.

„გიორგი გახარიამ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას მისი უწყების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მინისტრი ვალდებული იყო, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველეყო, მან ეს გააკეთა და დაიცვა ჩვენი, ყველას უსაფრთხოება და წესრიგი.

მინისტრი აცნობიერებს, რომ ვალდებულია, კანონზე დაფუძნებით განახორციელოს გამოძიება და წარმართოს პროცესი, რა შემდგომაც ვისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე. მინისტრი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ პროცესის ისე წარმართვა, რომ გამოიკვეთოს ყველა შესაძლო სამართალდამრღვევი, ამის შემდგომ, დავინტერესდებით მინისტრის პოზიციით ამასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დაველოდოთ გამოძიებას, მისი ვალდებულებაა, რომ ბოლომდე მიიყვანოს პროცესი. ჩვენ დაველოდებით მის პოზიციას.

რა თქმა უნდა, შემდგომ გვექნება მსჯელობა და ვნახოთ, რა შედეგებიც დადგება, იმ შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ ჩვენ და თავად შს მინისტრიც კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.