ანრი ოხანაშვილი - დავით გარეჯის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები თვითლუსტრაციას ახდენენ
ანრი ოხანაშვილი - დავით გარეჯის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები თვითლუსტრაციას ახდენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები თვითლუსტრაციას ახდენენ.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ეს ადამიანები ვინმეს კი არ ეფარებიან და ვინმეს დაცვის ინტერესი კი არ აქვთ, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს იცავენ.

„ადამიანი მართალი თუ ხარ, ასე გამალებით თავს რატომ და რისგან იცავ? თუ არაფერი პოლიტიკური თუ სხვა სამართლებრივი დანაშაული არ მიგიძღვის, რას იცავ და რას ეწინააღმდეგები? თუ მართლაც დადასტურდა, რომ კონკრეტულმა პირმა თუ პირთა ჯგუფმა სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, ამის წინააღმდეგი არავინ შეიძლება იყოს. რატომ არიან თავდაცვის რეჟიმში? ახლა ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ საქმეს იყენებს. რაში სჭირდება, ეს ხელისუფლებას? ხალხმა კარგად იცის, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს პოლიტიკური ძალა ყველაფერს ანტისახელმწიფოებრივსა და ანტისაზოგადოებრივს რომ აკეთებდა. ეს ვინმესთვის ცნობილი დღეს გახდა? პროკურატურას კანონი ავალდებულებს, გამოძიება დაიწყოს და ეს ადამიანები ვინმეს კი არ ეფარებიან და ვინმეს დაცვის ინტერესი კი არ აქვთ, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს იცავენ. ამით, ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებენ, რომ სავარაუდოდ, მათ მიერ ჩადენილის გადაფარვას ცდილობენ, რაღაც ალიბს იქმნიან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.