ანრი ოხანაშვილი - აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა რუკები, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო ქმედებები იკვეთებოდეს 
ანრი ოხანაშვილი - აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა რუკები, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო ქმედებები იკვეთებოდეს 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა რუკები, რის საფუძველზეც შეიძლება, გარკვეული ქმედებები იკვეთებოდეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ განხორციელდა.

​„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოვისმინე, რომ ახალი გარემოებები არსებობს. თუ არ ვცდები, რუკებზეა საუბარი, ისინი აზერბაიჯანულ მხარეს კერძოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს გადაეცა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული.

ამ გარემოებების საფუძველზე შეიძლება, გარკვეული ქმედებები იკვეთებოდეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ განხორციელდა. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ, კონკრეტულ მსვლელობას.

დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებს კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არ ემუქრება, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობების გათვალისწინებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.