ანრი ოხანაშვილი - აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის ისტორიული მოვლენა
ანრი ოხანაშვილი - აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის ისტორიული მოვლენა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიული აქტს ძალიან მნიშვნელოვან, მტკიცე, პოლიტიკურ, ისტორიულ მხარდაჭერად აფასებს.

ანრი ოხანაშვილი ამერიკელ კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მოგეხსენებათ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ორპარტიული აქტი, რომლითაც განაცხადა საქართველოს მიმართ მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა. ეს არის ისტორიული, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც საკანონმდებლო დონეზე აშშ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამ აქტში საუბარია და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, უსაფრთხოების გაძლიერებას საქართველოში და საუბარია კონკრეტულ მითითებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მ დაიწყოს საქართველოსთან მუშაობა სამომავლოდ ისეთ საკითხებზე, რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის საკითხის დარეგულირებას. ეს არის მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი, მტკიცე, პოლიტიკური, ისტორიული მხარდაჭერა, რომელიც ასეთი ფორმით, ორპარტიული აქტით არასდროს დაფიქსირებულა საქართველოს და ამერიკის ისტორიაში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აშშ არის ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებაში. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ანრი ოცხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი