ანრი ოხანაშვილი - არაფერი გვაქვს თავის ასარიდებელი „ნაცმოძრაობისა“ და მათი დატრენინგებული ჯგუფებისგან
ანრი ოხანაშვილი - არაფერი გვაქვს თავის ასარიდებელი „ნაცმოძრაობისა“ და მათი დატრენინგებული ჯგუფებისგან

მმართველი გუნდის არც ერთ წევრს არაფერი გვაქვს თავის ასარიდებელი „ნაცმოძრაობის“, მისი რომელიმე სატელიტი პარტიის, თუ მათ მიერ დატრენინგებული ჯგუფებისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. ის 12 დეკემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების საკითხს ეხება.

დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს თითოეული დეპუტატი იხელმძღვანელებს კანდიდატების კომპეტენტურობით, პროფესიული გამოცდილებითა და კეთილსინდისიერებით.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ შეფერხდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზოგადოების ინტერესი დიდია, რომ სასამართლო სისტემამ შეუფერხებლად იფუნქციონიროს, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები. სწრაფი მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ჩვენი ამოცანაა, სამართალწარმოება არ შეფერხდეს.

რაც შეეხება აქციას, არაფერი გვაქვს თავის ასარიდებელი „ნაცმოძრაობის“, მისი რომელიმე სატელიტი პარტიის, თუ მათ მიერ დატრენინგებული ჯგუფებისგან. ეს ის ხალხია, ვინც წლების განმავლობაში ხმას არ იღებდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვის გამო. ეს ჯგუფები ამ ყველაფრის ავტორები არიან. ფარად დაიყენებენ დატრენინგებულ ჯგუფებს, თუ წინ თვითონ დადგებიან, ვერ გეტყვით, მაგრამ წინ დადგომის რესურსიც არ აქვთ. სამწუხაროა, რომ გარკვეული ჯგუფების ფარად დაყენება უწევთ. ჩვენ კი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად ვმუშაობთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს კენჭისყრას 12 დეკემბერს გეგმავს.