ანრი ოხანაშვილი - არ ვზღუდავთ არც ერთ კვალიფიციურ იურისტს, შეიტანოს განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
ანრი ოხანაშვილი - არ ვზღუდავთ არც ერთ კვალიფიციურ იურისტს, შეიტანოს განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

არ ვზღუდავთ არც ერთ კანდიდატს, არც ერთ კვალიფიციურ იურისტს, შეიტანოს განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ ვაწესებთ ბარიერს, რომ გაურიგდეს, იცნობდეს იუსტიციის საბჭოს წევრს და მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელოს საბჭოს წევრმა, არ გვინდა ნაცნობობაზე, გარკვეულ გარიგებებზე იყოს ეს დაფუძნებული, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას.

„ჩვენ გთავაზობთ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ მოდელს, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამის, დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ მოდელს, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე ტენდენციებს, რომელიც იცავს ბალანსს კონსტიტუციურ ორგანოებს შორის – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს შორის. კანონპროექტით გთავაზობთ ხუთეტაპიან ხანგრძლივ პროცედურას, რომელიც იწყება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შემდგომ პროცესი გადმოდის პარლამენტში და პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვითვალისწინებთ რა იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რაშიც ვართ, ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას აქვს თავისი პოლიტიკური მიზანშეწონილობა. ვითვალისწინებთ ამას, მაგრამ არ შეიძლება, საკითხი გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით. არსებობს სამართლებრივ ნორმათა იერარქია, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, არსებობს კონსტიტუციურ ორგანოთა უფლებამოსილება. ვჯდებით ამ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპში, ვითვალისწინებთ რა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, ვამბობთ, რომ როდესაც ნებისმიერ მაღალკვალიფიციურ იურისტს ექნება შესაძლებლობა, განაცხადი შეიტანოს იუსტიციის საბჭოში, მხოლოდ 18 პირი კი არ გადავიდეს პირდაპირ შემდგომ ეტაპზე, არამედ ორ-ნახევარჯერ მეტი რაოდენობის კანდიდატი. თუ იუსტიციის საბჭოს წევრი იქნება კანდიდატი, ამ ადამიანს არ ექნება უფლება, ხმა მისცეს საკუთარ თავს. მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება არ ექნება. საბჭოს წევრებთან გასაუბრება ტარდება ინდივიდუალურად და ეს უნდა იყოს საჯარო; საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ ქულებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის ძირითადი პრინციპი, რატომაც ამბობენ, რომ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ხანგრძლივად, ყოველგვარი ფორსირების გარეშე.

„მაქსიმალურად გამჭვირვალედ, საჯაროდ, ღიად – ეს არის უპრეცენდენტო პროცედურა, არ არსებობს მსგავსი ფორმით რომელიმე ქვეყანაში, ასეთი გამჭვირვალობით ჩატარების პროცედურა. ესეც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არის ნაკარნახევი და პასუხობს ყველა იმ კრიტიკას, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რაც ჩვენ არ მოგვეწონა. ჩვენ არ მოგვეწონა ის პროცესი, რითიც წარიმართა სიის წარმოდგენა, რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობამ, „ქართული ოცნების“ გუნდმა შეაჩერა ეს პროცესი. ჩვენ ვწერთ პროცედურას და შესაბამისად, ასეთი პროცედურის დაცვით მივალთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. ჩვენ ინდივიდუალურად კენჭს ვუყრით საქართველოს პარლამენტში შემდგომ კანდიდატებს და მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას.

ვენეციის კომისიის საკითხზეც მოგახსენებთ, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გადაიგზავნა ჩვენი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში მოსაზრებების წარმოსადგენად. დაველოდებით მათ მოსაზრებებს, არ დავიწყებთ მეორე მოსმენით განხილვას, შევაჯერებთ პოზიციებს, ვიმსჯელებთ მათ მოსაზრებებზე და ისე წარვადგებით მეორე მოსმენით განხილვისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.