„ანორთოსისმა“ უარყო - ქეცბაია საქართველოში დასასვენებლად წავიდა და არა - ტრანსფერებისთვის #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ უარყო - ქეცბაია საქართველოში დასასვენებლად წავიდა და არა - ტრანსფერებისთვის #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეს-სპიკერმა, დიმიტრის კრისტოფორუმ უარყო კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს, გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საქართველოში ტრანსფერების განსახორციელებლად გაემგზავრა.

„ეს ის პერიოდია, როდესაც ბაზარი იხსნება და ყველა გუნდი ძლიერდება. რაც შეეხება ტრანსფერებს, ამ დღეებში სხვადასხვა რამ იწერება, მაგრამ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. თემურ ქეცბაია საქართველოში ნამდვილად წავიდა, მაგრამ არა ტრანსფერების მოსაგვარებლად, არამედ დასასვენებლად და ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად“, – განაცხადა ფამაგუსტელთა პიარ-მენეჯერმა Super Sport-თან ინტერვიუში.

მან ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს გუნდი აქცენტს ქართველების დამატებაზე აკეთებს: „ჩვენ არ გვაქვს გამონაკლისები და „ანორთოსისში“ აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ ქართველების დამატებაზე არ გვაქვს. ჩვენ არ ჩამოგვყავს კონკრეტული წარმომავლობის ფეხბურთელები კონკრეტული ქვეყნებიდან. „ანორთოსისში“ ჩამოსული ფეხბურთელები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი ეროვნების“.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შემადგენლობიდან „ანორთოსისი“ დატოვეს გიორგი ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ, ხოლო გიორგი ლორია და მურთაზ დაიშვილი რჩებიან. წელს კი გავრცელებული ცნობით, თემურ ქეცბაიას, გიორგი აბურჯანიასა და ვაკო გვილიას დამატება სურს.