„ანორთოსისმა“ ქულები დაკარგა
„ანორთოსისმა“ ქულები დაკარგა

კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნიქოზიაში „აპოელს“ ესტუმრა და ორი მნიშვნელოვანი ქულა და ლიდერთან სხვაობის შემცირების შანსი დაკარგა 0:0.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობვაში მხოლოდ გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია იყვნენ, თორნიკე ოქრიაშვილი ჯერ დაბრუნებას ვერ ახერხებს, ხოლო მურთაზ დაუშვილი თამაშამდე დაშავდა. მაგრამ სერიოზული არაფერია და წესით, დაუშვილი მოედანს შემდეგი ტურისთვის უნდა დაუბრუნდეს.

„ანორთოსისს“ პირველი ტაიმის ბოლოს სამი კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, რომლითაც ქეცბაიას ფეხბურთელებმა ვერ ისარგებლეს. შანსი მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ გიორგი ლორიამ 42-ე წუთზე ორჯერ ზედიზედ სახიფათო დარტყმები მოიგერია.

მეორე ნახევარში „ანორთოსისი“ უკეთ გამოიყურებოდა და მეტს უტევდა, 50-ე წუთზე მეტოქის კარს ქვილითაია დაემუქრა, 85-ე წუთზე ფამაგუსტელების დაწინაურების რეალური შანსი ელუნდუმ დაკარგა, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა და მატჩი 0:0 დასრულდა.

21-ე ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 40 ქულა დააგროვა და კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, ლიდერს, „აპოლონს“ კი 4 ქულით ჩამორჩება.