„ანორთოსისმა“ პოლონეთში შეკრება სპარინგით დაასრულა - „რადომიაკთან“ ლორიამ და ებრალიძემ ითამაშეს #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ პოლონეთში შეკრება სპარინგით დაასრულა - „რადომიაკთან“ ლორიამ და ებრალიძემ ითამაშეს #1TVSPORT

ანორთოსისმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, პოლონეთში მიმდინარე წინასასეზონო შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი „რადომიაკთან“ გამართა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.

გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დარკო მილანიჩმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ლორია და მეორე ტაიმში შეცვალა. რაც შეეხება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დამატებულ ავთანდილ ებრალიძეს, მან შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

კარი მშრალად შეინახა გიორგი ლორიამაც და საბოლოოდ, „ანორთოსისისა“ და „რადომიაკის“ შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტას გუნდი ივნისში თემურ ქეცბაიამ დატოვა და კვიპროსის ნაკრებში დაინიშნა.

ეს პოლონეთში „ანორთოსისის“ ბოლო საკონტროლო შეხვედრა იყო. გუნდი კვიპროსში პარასკევს დაბრუნდება, სადაც კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს – „დოქსასთან“ (10 აგვისტოს), „ნეა სალამინასთან“ (13 აგვისტოს) და „პაფოსთან“ (20 აგვისტოს).