„ანორთოსისმა“ მოიგო და ლიგაზე მოხვედრის შანსი გაუჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრა მოიგო და მეორე ადგილზე გასვლის შანსი გაუჩნდა. ქართველი მწვრთნელის გუნდი „პაფოსს“ დაუპირისპირდა, რომლის შედეგსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

წაგების შემთხვევაში, ქეცბაიას გუნდს ევროსაგზურის მოპოვების შანსი მინიმუმამდე შეუმცირდებოდა. ფამაგუსტელების შემადგენლობაში გიორგი ლორია იყო და შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ შანსით მხოლოდ „ანორთოსისმა“ ისარგებლა. ლაზაროს ხრისტოდოლოპულოსის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთს თავი ბლაზ ვხროვეცმა დაახვედრა და კარში გაუშვა.

ეს შეხვედრაში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, „ანორთოსისმა“ 48 ქულა დააგროვა და ლარნაკას აეკ-ს დაეწია და შემდეგ ტურში მოგების შემთხვევაში, ქართველების სამეულის ნიქოზიასაპოელსაც“ (51) გაუთანაბრდება.

კვიპროსის ჩემპიონატის შემდეგ ტურში სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს – თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის „აპოელი“ თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიას „ანორთოსისს“ სახლში მიიღებს. შეხვედრა 15 მაისს ნიქოზიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ახალი ევროსეზონი კვიპროსისთვის ისტორიული იქნება, რადგან მილიონიანი მოსახლეობის კუნძულმა ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდის გამოყვანის უფლება მოიპოვა.