„ანორთოსისმა“ აელ-თან ვერ მოიგო - ქეცბაიამ დაუშვილი იძულებით შეცვალა
„ანორთოსისმა“ აელ-თან ვერ მოიგო - ქეცბაიამ დაუშვილი იძულებით შეცვალა

კვიპროსის სუპერლიგის 24-ე ტურში მეოთხე ადგილზე მყოფმა თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ერთ-ერთი კონკურენტი, მესამეადგილოსანი ლიმასოლის აელ-ი მიიღო და დიდი მცდელობის მიუხედავად, მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო.

ქეცბაიამ ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი დააყენა – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 72-ე წუთზე შეუშვა. 46-ე წუთზე „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი იძულებული გახდა, მურთაზ დაუშვილი შეეცვალა, რომელიც დაშავდა.

ფამაგუსტელები უფრო აქტიურად გამოიყურებოდნენ და მეტი საგოლე მომენტი ჰქონდათ. მე-4 წუთზე ქვილითაია საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. 74-ე წუთზე, ფლანგური გადაცემის შემდეგ აელ-ის კარს ოქრიაშვილი დაემუქრა, მაგრამ მიზანს ვერც მისმა თავურმა გასროლამ მიაღწია. 77-ე წუთზე, ლორიამ ბურთი ფეხით მოიგერია და გუნდი სახიფათო დარტყმისგან იხსნა.

საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა. „ანორთოსისმა“ 24 ტურის შემდეგ 45 ქულა დააგროვა და ლიდერებს კიდევ უფრო ჩამორჩა – ლიდერობს ლიმასოლის „აპოლონი“ (51 ქულა), რომელსაც ნიქოზიას „ომონია“ ქულით ჩამორჩება, აელ-ი 49 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ქართველების გუნდი მეოთხე პოზიციას იკავებს.

დატოვე კომენტარი