„ანორთოსისის“ პრეზიდენტი გიორგი ლორიასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებას გეგმავს #1TVSPORT
გიორგი ლორიამ „ანორთოსისში“ 126 მატჩი ჩაატარა, კობა წიტაიშვილს გაუთანაბრდა და ლეგიონერთა შორის მატჩების რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
წიტაიშვილმა „ანორთოსისში“ 2003/06 და 2007/09 წლებში 126 მატჩში 31 გოლი გაიტანა. ლორიას ამჟამინდელი სტატისტიკა უკვე 126 თამაში გახდა და მათგან 42-ში კარი მშრალად შეინახა. ამ მაჩვენებლით გიორგი მე-7 ადგილზე დაწინაურდა.
ლიდერი კი თემურ ქეცბაიაა, რომელმაც 1991-94 და 2002-07 წლებში 238 მატჩი ჩაატარა – მისდამი პატივისცემის ნიშნად, „ანორთოსისის“ ადმინისტრაციამ 14-ნომრიანი მაისურა, რომლითაც ქართველი თავდამსხმელი თამაშობდა, გააუქმა.
აქვე ვიტყვით, რომ, კვიპროსული მედიის ცნობით, ლორიას გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ამის შესახებ სიახლეები sport-fm-ის ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
„გიორგი ლორია „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობს, მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბი მასთან განშორებას აპირებს და მის შემცვლელს ეძებს. კლუბის პრეზიდენტი თავად გეგმავს გიორგისთან დალაპარაკებას, რათა გამოინახოს „ოქროს შუალედი“ და კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ქართველ მეკარეს კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის 31 მაისამდე აქვს. გამორჩეულ ფეხბურთელთან მოლაპარაკება ადვილი არასდროსაა, რადგან მას თავისი მოთხოვნები ექნება – ასე იქნება ქართველი მეკარის შემთხვევაშიც“, – წერია sport-fm-ის გვერდზე.