„ანორთოსისის“ გმირობა - ქეცბაიას გუნდმა ჩაკვეტაძის „გენტი“ დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ანორთოსისის“ გმირობა - ქეცბაიას გუნდმა ჩაკვეტაძის „გენტი“ დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „გენტს“ შეხვდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ასევე მოხდა გიორგი ლორიას შემთხვევაშიც, რომელიც „ანორთოსისი“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ხოლო ნიკა კაჭარავა სამატჩო ოქმშიც არ იყო.

ანგარიში 27-ე წუთზე ქეცბაიას გუნდმა გახსნა. „გენტის“ კარი საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლაზაროს ხრისტოდოლოპოლუსმა აიღო. მან კარიდან გამოსული მეკარე დაინახა და ლამის მოედნის ცენტრიდან გაუტანა.

„ბ“ ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ ფამაგუსტელები ხუთი ქულით მეოთხე ადგილზე არიან და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებენ, რადგან მეორეადგილოსანმა ბელგრადის „პარტიზანმა“ (7 ქულა) ესტონურ „ფლორასთან“ 1:0 წააგო.

წაგების მიუხედავად, 10 ქულით „გენტი“ პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში ტალინის „ფლორას“ შინ მიიღებს, ხოლო ქეცბაიას „ანორთოსისი“ ბელგრადში „პარტიზანს“ ესტუმრება.

„ფ“ ჯგუფში ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა“ სლოვაკეთში საბერძნეთის პაოკ-ს უმასპინძლა და ქულა მოიპოვა 0:0. გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო, ჯაბა კანკავა კი ოჯახური მიზეზის გამო თბილისში იმყოფება.

ამავე ჯგუფში „კოპენჰაგენმა“ გიბრალტარში „ლინკოლს“ შანსი არ დაუტოვა 0:4. სტუმართა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველმა, დათა ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, დანიის ჩემპიონმა 12 ქულით პირველობა გაინაღდა, ხოლო „სლოვანმა“, პაოკ-ის მსგავსად, 8 ქულა მოიპოვა და დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა. თუმცა კონკურენტთან შედარებით, შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი აქვს, რადგან ბოლო ტურში „კოპენჰაგენს“ ესტუმრება, ხოლო ბერძნები აუტსაიდერ „ლინკოლნს“ სალონიკში უმასპინძლებენ.

„ა“ ჯგუფში დავით ხურციძის გუნდი, „ალაშკერტი“ ფინეთში ჰიკ-ს ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სომხეთის ჩემპიონის განაცხადში არ იყო.