„ანორთოსისის“ დირექტორი - ოქრიაშვილს არ დავაბრკოლებთ, მაგრამ თანხა გადასახდელია
„ანორთოსისის“ დირექტორი - ოქრიაშვილს არ დავაბრკოლებთ, მაგრამ თანხა გადასახდელია

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯანოს კონსტანტინუმ რადიო „სპორტ ფმ“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბი თორნიკე ოქრიაშვილს წასვლაში ხელს არ შეუშლის, მაგრამ დაინტერესებულმა გუნდმა კონტრაქტში ჩაწერილი თანხა უნდა გადაიხადოს.

„ოქრიაშვილის კონტრაქტში წერია, რომ მან გუნდში შემდეგ სეზონშიც უნდა ითამაშოს. თორნიკეს საზღვარგარეთ უკეთეს გუნდში თამაში სურს. მოთამაშეების ასეთი სურვილი არ მაღიზიანებს, პირიქით, მომწონს, დიდი მიზნები რომ აქვთ და უფრო მაღალ დონეზე თამაში უნდათ. „ანორთოსისში“ სწორედ ასეთი ხალხი გვინდა. თუ თორნიკე უკეთეს გუნდში გადავა, ჩვენ ხელს არ შევუშლით. თუმცა, კონტრაქტში ჩაწერილი აქვს პირობა, რომ დაინტერესებულმა გუნდმა გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს. ეს კი პატარა ფული არაა“, – განაცხადა „ანორთოსისის“ გენერალურმა მენეჯერმა.

„ეს თანხა შვიდნიშნა რიცხვი ხომ არ არის?“ – ჯანოს კონსტანტინუს პასუხის გაცემა ამ კითხვაზეც მოუწია.

„თორნიკეს სჯერა, რომ უკეთეს გუნდში თამაში შეუძლია. ჩვენ თავად შეგვიძლია უკეთესი გუნდის პოვნაში დავეხმაროთ. მთავარია, „ანორთოსისმა“ ფინანსური სარგებელი მიიღოს. ოქრიაშვილთან შეთანხმებისას, კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად საკმაოდ დიდი ციფრი ჩაიწერა. ეს ნიშნავს, რომ მოთამაშემ ეს პირობა მიიღო – ხელშეკრულება ორივე მხარის თანხმობის გარეშე არ გაფორმდებოდა. მაგრამ არ დავაკონკრეტებ, თანხა შვიდნიშნა რიცხვია თუ არა“, – აცხადებს ჯანოს კონსტანტინუ.