„ანორთოსისი“ თასის შემდეგ ეტაპზეა - ლორია მოედანს დაუბრუნდა (ვიდეო)

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის მეორე ეტაპის მატჩში „პაფოსს“ უმასპინძლა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 45+2-ე წუთზე დემეტრის ქრისტოფმა გაიტანა – ის დასარტყმელ პოზიციაზე მურთაზ დაუშვილმა შორეული გადაცემით გაიყვანა. საქართველოს თასის მსგავსად, კვიპროსის თასისთვის გუნდები ერთმანეთს ერთმატჩიან რაუნდში უპირისპირდებიან.

კარგი ამბავი ისაა, რომ გიორგი ლორია მოედანს დაუბრუნდა და ორჯერ გუნდი რეალური სახიფათო მომენტის დროს გოლისგან იხსნა – საბედნიეროდ, ჩვენი ნაკრების მეკარე ჯანმრთელადაა, შეუცვლელად ითამაშეს მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა, ხოლო გიორგი ქვილითაია მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.

„ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, რადგან ათი დღის განმავლობაში 4 თამაში ჩავატარეთ. დღეს კარგ შედეგს მივაღწიეთ და შემდეგ ეტაპზე ვითამაშებთ, რაც მახარებს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.