„ანორთოსისი“ ლორიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს - ქეცბაია კვიპროსზე დაბრუნდა და ტრანსფერებისთვის ემზადება #1TVSPORT
„ანორთოსისი“ ლორიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს - ქეცბაია კვიპროსზე დაბრუნდა და ტრანსფერებისთვის ემზადება #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ გიორგი ლორიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. საქართველოს ნაკრების მეკარეს ფამაგუსტას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ კლუბს 35 წლის გოლკიპერთან უფრო ხანგრძლივი თანამშრომლობა სურს.

გიორგი ლორია „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობს. გამოცდილი კიპერი საქართველოს ნაკრების კარს 2008 წლიდან იცავს და 13 წლის განმავლობაში, მის შემადგენლობში 63 მატჩი ჩაატარა, რაც ქართველ მეკარეებში სარეკორდო მაჩვენებელია.

ეს „ანორთოსისის“ მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოდან კვიპროსში დაბრუნდა და გუნდის შემადგენლობის დაკომპლექტებას შეუდგა. კვიპროსის თასის მფლობელი გუნდი ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და ქართველ მთავარ მწვრთნელს შეცდომების დაშვების საშუალებას არ აქვს. „ანორთოსისის“ მიზანი კი ევროპული ტურნირის პლეი ოფში გასვლაა – შესაბამისად, ქეცბაიას გუნდის ხარისხობრივი გაძლიერება სურს.

ცნობილი გახდა, რომ „ანორთოსისი“ ახალწვეულებს უახლოეს დღეებში წარადგენს. შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტას გუნდი რვა მოთამაშემ დატოვა, მათ შორის, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ, რომლებიც ნიქოზიასაპოელში“ გადავიდნენ. გუნდში ოთხი ფეხბურთელი დაბრუნდა, ერთი მათგანი კი ნიკა კაჭარავაა, რომელსაც პოზნანისლეხთან“ საიჯარო ხელშკერულება დაუსრულდა.

„ანორთოსისის“ ახალწვეულებში კიდევ ერთი ქართველის გვარი ფიგურირებს – ვაკო გვილია, რომელსაც მაისში ვარშავის „ლეგიასთან“ კონტრაქტი დაუსრულდა, გუნდმა კი ქართველის წამოყენებული პირობებით ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა.

კვიპროსული მედია ამტკიცებს, რომ ქეცბაიას გურამ კაშიას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ გადაუწურია. ორიოდე დღის წინ დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ჯვაროსნების” ყოფილ დამრიგებელთან, ვლადიმირ ვაისთან ბრატისლავას „სლოვანში“ გადადიოდა, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია. კაშია ქეცბაიასთვის დაცვის გასაძლიერებლად ნომერი პირველი სატრანსფერო მიზანია. „ანორთოსისი“ მზადაა, რომ გამოცდილი ქართველი მცველის გადასაბირებლად ბოლომდე იბრძოლოს.