„ანორთოსისი“ კვიპროსში ლიდერია - ქართველების საგოლე გადაცემები და გოლები (ვიდეო)

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ აუტსაიდერ „დოქსას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:0. თემურ ქეცბაიას გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ქართველმა ფეხბურთელებმა ითამაშეს.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-7 ტურის შეხვედრაში ნიკა კაჭარავამ„ანორთოსისის“ ფეხბურთელები მეკარესთან პირისპირ ორჯერ დატოვა – ასე გავიდა პირველი ორი გოლი. 53-ე წუთზე კი „დოქსას“ კარი მესამედ თავად ქართველმა თავდამსხმელმა აიღო.

თავი ბუბა დაუშვილმაც გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 79-ე წუთზე მეტოქის კარში მეხუთე ბურთი გაიტანა და ძალიან ეფექტური გოლის ავტორი გახდა, რაც საკმაოდ უცნაურად აღნიშნა – ბეისბოლის „ბიტის“ მოქნევის იმიტაციით.

ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ. ბუბა დაუშვილი კი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადშიც არ იყო, რადგან ტრავმირებულია.

ქეცბაიას გუნდმა ჯერ მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და ამის მიუხედავად, 14 ქულით გათამაშებას ლიდერობს – ფამაგუსტას გუნდი მეორე ადგილზე მყოფ ნიქოზიას „ომონიას“ 2 ქულით უსწრებს.