ანკარაში განაცხადეს, რომ თურქი სამხედროები და სირიის ოპოზიცია სირიის საზღვარს უახლოეს ხანში გადაკვეთენ
ანკარაში განაცხადეს, რომ თურქი სამხედროები და სირიის ოპოზიცია სირიის საზღვარს უახლოეს ხანში გადაკვეთენ

ანკარაში განაცხადეს, რომ თურქი სამხედროები და სირიის ოპოზიცია უახლოეს ხანში გადაკვეთენ სირიის საზღვარს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს სირიელ ქურთებს, დანებდნენ. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ფაჰრეთინ ალთუნმა გააკეთა.

„თურქი სამხედროები თავისუფალი სირიის არმიის ჯარისკაცებთან ერთად უახლოეს ხანში გადაკვეთენ სირიის საზღვარს“, – წერს ალთუნი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, თუკი სირიელი ქურთები არ დანებდებიან, თურქეთი ქურთების მცდელობას, ხელი შეუშალონ თურქ სამხედროებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ძალის გამოყენებით აღკვეთს.

თურქეთის პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აპირებს, რომლის მიზანიც „უსაფრთხოების ზონის“ შექმნაა, სადაც ორი მილიონი სირიელი ლტოლვილის განსახლება იგეგმება.