ანგელოვსკი დეშამს ციტირებს - ნაკრების მაისურს ყველა არ იმსახურებს
ანგელოვსკი დეშამს ციტირებს - ნაკრების მაისურს ყველა არ იმსახურებს

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ 24TV– ის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არის მის სიაში ადის იახოვიჩი, მწვრთნელმა დიდიე დეშამის სიტყვებით უპასუხა და განაცხადა, რომ ნაკრების მაისურს ყველა ვერ მოირგებს.

„მე მსოფლიო ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის, დიდიე დეშამის სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც მან კარიმ ბენზემას შესახებ თქვა – „ნაკრების მაისურს ყველა არ იმსახურებს!“ ჩვენი ნაკრების შედეგები აჩვენებს, რომ შემადგენლობის შერჩევაში მართალი ვიყავი. ვიღებ ყველანაირ კრიტიკას და რჩევას, მაგრამ მხოლოდ მე ვწყვეტ, ვინ იქნება ნაკრებში. მე თვითკრიტიკული ვარ და ანალიზი ყოველთვის ჩემთან იწყება“, – უთხრა ანგელოვსკიმ 24TV-ს.

შემდეგ მწვრთნელმა ისაუბრა „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, დეჟან კულუშევსკის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც შვედეთის სახელით თამაში ამჯობინა და ისტორიულ სამშობლოში გამოსვლაზე უარი განაცხადა.

კულუშევსკის გადაწყვეტილების გამო ვწუხვარ. 17 წლის ასაკში, როდესაც ის „ატალანტას“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ვთხოვე, ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით ეთამაშა, მაგრამ მან შვედეთი აირჩია. ძალიან ვწუხვარ დეიანის გამო, მაგრამ ჩვენი ნაკრები მათთვისაა, ვისაც თამაში სურს“.

ამ ბალკანური ქვეყნის ნაკრებში ამერიკული საფეხბურთო ლიგის „ლოს ანჯელესის“ თავდამსხმელის, დენის მუსოვსკის დებიუტს ელიან, მაგრამ ანგელოვსკის თქმით, ფიფა-ს წესებით ეს ნოემბერში გამორიცხულია.

„დენის არ აქვს მაკედონიის მოქალაქეობა და მაკედონიის პასპორტი. მას ეს დოკუმენტები სჭირდება, ამიტომ ფიფას გაზაფხულზე მივმართავთ და იმედი მაქვს, რომ ის ეროვნულ გუნდში იქნება. მას ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით თამაში სურს და ჩვენ მას შანსს მივცემთ. მეც და ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები ვალდებულები ვართ, დავაკვირდეთ ჩრდილოეთმაკედონიელ ფეხბურთელებს, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ და მოვიწვიოთ“.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, „დინამო-არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში ისტორიულ შეხვედრას მართავს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.