ანგელა მერკელის პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, გაცილებით მკაცრი სანქციები გახდეს საჭირო
ანგელა მერკელის პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, გაცილებით მკაცრი სანქციები გახდეს საჭირო

ევროპას რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, გაცილებით მკაცრი სანქციების დაწესება დასჭირდეს. ამის შესახებ Reuters-ი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მოკავშირის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის წევრი ნორბერტ როეტგენი აცხადებს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება შესაძლოა, უკრაინაში არსებული ვითარების გამო გახდეს საჭირო.

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღანელის ცნობით, რუსეთის ქმედება ძალიან შემაშფოთებელია და ვითარების გამოსწორების ერთ-ერთი საშუალება მის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაა. 

ნორბერტ როეტგენი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ევროპულ გაერთიანებაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ჯერ საუბარი არ არის. თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, მსგავსი ქმედება შედეგების გარეშე არ შეიძლება დარჩეს. 

ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ანგელა მერკელმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა, მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, პოლონეთმა, დანიამ, კანადამ  რუსეთის აგრესია მკაცრად დაგმეს.