ანგელა მერკელის ჰიტლერთან შედარების გამო ფინეთში მალტის ელჩმა თანამდებობა დატოვა
ანგელა მერკელის ჰიტლერთან შედარების გამო ფინეთში მალტის ელჩმა თანამდებობა დატოვა

ფინეთში მალტის ელჩმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევარისტ ბარტოლომ დააკმაყოფილა ელჩის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. მინისტრის თქმით, ანგელა მერკელის შესახებ მალტელი დიპლომატის განცხადებები არ წარმოადგენდა მალტასა და გერმანიას შორის მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავზე ფინეთში მალტის ელჩმა, ზამიტ ტაბონამ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „75 წლის წინ ჩვენ შევაჩერეთ ჰიტლერი, ვინ შეაჩერებს ანგელა მერკელს? მან ჰიტლერის ოცნება აასრულა! ევროპის კონტროლი“.

ტაბონა ფინეთში მალტის ელჩის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.