ანგელა მერკელი მოუწოდებს რუსეთს, ალექსეი ნავალნის მოწამვლა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ
ანგელა მერკელი მოუწოდებს რუსეთს, ალექსეი ნავალნის მოწამვლა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს რუსეთს, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გერმანიის კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ავრცელებენ.

„იმ წამყვანი როლის გათვალისწინებით, რომელსაც ნავალნი რუსეთის ოპოზიციაში თამაშობდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარის დეტალური გამოძიება და ეს პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ტექსტსაც „როიტერი“ ავრცელებს.

მანამდე გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ რუსი ოპოზიციონერი მოწამლულია. კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნავალნი მოწამლულია აქტიური ნივთიერებებით, რომელთაც ეწოდება „ქოლინისტერაზის ინჰიბიტორები“.

„ქოლინისტერაზის ინჰიბიტორები“ ფართოდ გავრცელებული ქიმიური ნაერთია, რომელსაც იყენებენ, როგორც ქიმიურ იარაღში, ისე პესტიციდებში, ასევე ალცეჰეიმერისა და დემენციის სხვა ფორმების სამკურნალოდ. ამავე ჯგუფს მიეკუთვნებიან ნერვულ-პარალიტიკური გაზები და „ნოვიჩოკის“ ტიპის ქიმიკატები.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.

როგორც გერმანელი ექიმები ამბობენ, ამჟამად ალექსეი ნავალნის ატროპინით მკურნალობენ, რომელიც ამ შემთხვევაში ანტიდოტად ითვლება. ბრიტანელი ექიმები ამავე მეთოდით მკურნალობდნენ სერგეი სკრიპალს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე გახდა შეუძლოდ. თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკში, სადაც ის რამდენიმე დღის განმვალობაში იმყოფებოდა კომაში.

მოგვიანებით, ნათესავებისა და ახლობლების მოთხოვნით, ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს. ოპოზიციონერი კვლავ უგონოდაა და ხელოვნურ კომაში რჩება, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.